თბილისის მერიაში შშმ პირთა საკითხებზე შექმნილი სპეციალური საბჭოს პირველი სხდომა გაიმართება

დღეს თბილისის მერიაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე შექმნილი სპეციალური საბჭოს პირველი სხდომა გაიმართება, – ამის შესახებ დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.
მისივე თქმით, თბილისის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ 
პირთათვის შენობა-ნაგებობებში შესაბამისი ადაპტირებული გარემო შექმნას. 
“ჩვენ აუცილებელია სხვადასხვა პროგრამები და პროექტები განვახორციელოთ. საინფორმაციო კამპანიები ჩავატაროთ, შესაბამისად, ამ და სხვა საკითხებზე საუბარი იქნება დღეს საბჭოს პირველ სხდომაზე”, – აღნიშნა ნარმანიამ.
სპეციალური საბჭო მერიაში ახლახან შეიქმნა და მას დედაქალაქის მერი დავით ნარმანია ხელმძღვანელობს.

ჰოლანდიელი სამხედრო ფსიქოლოგების ტრენინგები ქართველი კოლეგებისთვის

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნიდერლანდების სამეფოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ფსიქოლოგები სამუშაო ვიზიტით სტუმრობენ.  

ვიცე-პოლკოვნიკი ვოლტერ ვან ლიშოთი და რიანეკე ვან დერ გააგი თავდაცვის სამინისტროს ფსიქოლოგიური შერჩევისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის ტრენინგს მართავენ. ორი დღის განმავლობაში ჰოლანდიელი ფსიქოლოგები ქართველ კოლეგებს საბრძოლო სტრესის დაძლევაზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიული ტექნიკის უნარ-ჩვევებს, სამხედრო მოსამსახურეების  თანამედროვე და ეფექტური მეთოდებით დახმარების გზებს შეასწავლიან.

საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს თავდაცვის სამინისტროებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, ჰოლანდიელი ფსიქოლოგები საქართველოს უკვე მესამედ სტუმრობენ. ვიზიტის ფარგლებში, ქართული და ჰოლანდიური მხარეების წარმომადგენლები გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარების სამომავლო გრძელვადიან გეგმებზეც ისაუბრებენ.

ცვლილებები შშმ პირთა დახმარების პროგრამებში

მთავრობის დადგენილებაში შეტანილი ცვლილებების შედეგად, შესაძლებებლი გახდა შშმ პირებისათვის დამატებითი სერვისების მიწოდება. ჯანდაცვის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება შშმ ბავშვების რებილიტაცია-აბილიტაციის პროგრამის სრულად დაფინანსების შესახებ. რეაბილიტაცია-აბილიტაციის პროგრამა, ნაცვლად თანადაფინანსებისა, სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსდება. გარდა ამისა, პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას, იმაზე 350- ით მეტი ბავშვი მიიღებს, ვიდრე ეს თავდაპირველ პროგრამაში იყო გაწერილი. სრულად დაფინანსდება ასევე ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამა და განვითარების შეფერხების მქონე კიდევ 80 ბავშვს ექნება პროგრამაში ჩართვის საშუალება. ჯამში სხვადასხვა სერვისით 430 ბავშვი ისარგებლებს.რაც შეეხება დღის ცენტრებს, 532 ბავშვის ნაცვლად, ვაუჩერს 580 ბავშვი მიიღებს. პროგრამაში შეტანილი ცვლილებები, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა – გაიოზ თალაკვაძემ დღეს ნეიროგანვითარების ცენტრში, შშმ ბავშვების მშობლებს და სერვისის მიმწოდებელ პროვაიდერ ორგანიზაციებს გააცნო.

http://www.moh.gov.ge

3 დეკემბერი – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე

საქართველოს სახალხო დამცველი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს. უჩა ნანუაშვილი საქართველოს მთავრობისადმი რამდენიმე მოწოდებით გამოდის. ომბუდსმენის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: 
“3 დეკემბერს მსოფლიო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს მათი უფლებების, თანასწორობისა და ღირსების პატივისაცემად. ამ დღის უმნიშვნელოვანესი დანიშნულება საზოგადოების ინფორმირებულობისა და ცნობიერების გაზრდა, სტიგმისა და სტერეოტიპების წინააღმდეგ ბრძოლა, თანაბარი შესაძლებლობების, ინკლუზიური საზოგადოების თემის პოპულარიზაციაა.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე “გაერთიანებული ერების ორგანიზაციის” ინიციატივითა და ხელშეწყობით 1992 წლიდან აღინიშნება.
საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საზოგადოებას, თავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და სახელმწიფოს, გაერთიანდნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ არსებული გამოწვევების დასაძლევად, შექმნან მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადამიანის უფლებების მიდგომით მოტივირებული სახელწიფო პოლიტიკა და მოახდინონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების მეინსტრიმიზაცია, როგორც ბიუჯეტირებისას, ისე პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელებისას.
2014 წლის 27 ოქტომბერს საქართველოს მთავრობამ გაერო-ს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის შესახებ კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და განხორციელების მონიტორინგის სტრუქტურად საქართველოს სახალხო დამცველი დაასახელა.
საქართველოს სახალხო დამცველის ოფისმა მონიტორინგის მექანიზმის თემასთან დაკავშირებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჩართულობის მიზნით გამართა დისკუსიები სამეგრელოს, აჭარის, იმერეთის, ქვემო და შიდა ქართლის რეგიონებში. დისკუსიებში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა. 
ასევე მონიტორინგის ეფექტური მუშაობის მექანიზმის შემუშავების მიზნით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც გამართა პირველი შეხვედრა მიმდინარე წლის 14 ნოემბერს, მეორე შეხვედრა 5 დეკემბერს გაიმართება.
2015 წლის იანვრიდან საქართველოს სახალხო დამცველის ოფისში შეიქმნება კონვენციის მონიტორინგის მექანიზმი, რომელიც მოიცავს აპარატის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების ცენტრის რეორგანიზაციას დეპარტამენტად და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციების საბჭოს ფორმირებას, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციების აქტიურ ჩართულობას უზრუნველყოფს როგორც მონიტორინგის დაგეგმვის, ისე განხორციელებისა და შეფასების პროცესში.
საქართველოს სახალხო დამცველის გაზრდილი უფლებამოსილების ფარგლებში აქტიურად იმუშავებს როგორც მონიტორინგისა და დაცვის, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების პოპულარიზაციისა და მხარდაჭერის კუთხით.
სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშებში ასახულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინდივიდუალური უფლება-დარღვევები, ასევე სისტემური ხარვეზები დასაქმების, ჯანმრთელობისა და რეაბილიტაციის/აბილიტაციის, განათლებისა და პირადი ცხოვრების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის. მნიშვნელოვან პრობლემად რჩება როგორც ფიზიკური, ისე საინფორმაციო ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, ინფრასტუქტურის ბარიერები, სამართლებრივი დაცვა და სხვა. 
აღსანიშნავია, რომ გასულ წელთან შედარებით 3-ჯერ გაიზარდა სახალხო დამცველის ოფისისადმი მომართვიანობა, რაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ცენტრის ცალკე სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბებითა და რეგიონებში აქტიური მუშაობით იქნა შესაძლებელი. მიმდინარე წელს სახალხო დამცველის ოფისის მიერ მომზადდა სპეციალური ანგარიშები: საქართველოს საკანონმდებლო ბაზის ანალიზი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა უფლებების ჭრილში; სასამართლო პრაქტიკის ანალიზი შშმ ქალის–მშობლის უფლების შეზღუდვის საკითხებზე; საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მდგომარეობის მონიტორინგი; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის შესახებ გაეროს 2006 წლის კონვენციის მე-6 მუხლის იმპლემენტაცია საქართველოში; ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა. მიმდინარეობს მუშაობა კვლევაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებისადმი მგრძნობიარე ბიუჯეტირება ადგილობრივ თვითმმართველობებში.
მიმდინარე წელს საქართველოს სახალხო დამცველმა არაერთი რეკომენდაცია და წინადადება შეიმუშავა, რომელიც მიზნად ისახავდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დარღვეული უფლებების აღდგენას და მოუწოდებდა მთავრობას ამ სფეროში არსებულ გამოწვევებზე ეფექტური და დროული რეაგირებისკენ.
საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას მოახდინოს გაეროს 2006 წლის კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება, რათა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა შეძლონ ინდივიდუალურ უფლება დარღვევებზე საჩივრების მომზადება და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შესაბამისი კომიტეტისადმი მიმართვა. ასევე მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს ევროპის სოციალური ქარტიის მე–15 მუხლის 1 და მე–2 პარაგრაფების აღირებისაკენ, რომლებიც მოიცავს დებულებებს, რომელთა განხორციელების ვალდებულება საქართველომ უკვე აიღო გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ კონვენციის რატიფიცირების შედეგად და ასევე საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების მე-14 თავის 349-ე მუხლის საფუძველზე. ამ პარაგრაფების აღიარება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის მიმართულებით”, – ნათქვამია სახალხო დამცველის მიმართვაში.

ინკლუზიური განათლების დანერგვის პროცესი იწყება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროს ფინანსური და მეთოდოლოგიური მხარდაჭერით პროფესიული განათლების სისტემაში ინკლუზიური განათლების დანერგვის პროცესს იწყებს. 
განათლების სამინისტროში დღეს “პროფესიული განათლების სისტემაში ინკლუზიური განათლების დანერგვის პროექტის” პრეზენტაცია გაიმართა.
საქართველოს განათლების სამინისტროსა და ნორვეგიის განათლების სამინისტროს ამ ახალი ინიციატივის ფარგლებში მოხდება: საკანონმდებლო მზაობის შექნა პროფესიული ინკლუზიური განათლებისათვის; პროფესიულ სასწავლებლებში ადექვატური ფიზიკური და სასწავლო გარემოს შექმნა სპეციალური საჭიროების მქონე პირებისათვის; პროფესიულ სასწავლებლებში სსმ პირთა ინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით ადამინური რესურსის განვითარება, დამსაქმებელთა დაინტერესება და ჩართულობის გაზრდა;
წინაპროფესიული განათლების კომპონენტების პილოტირება საჯარო სკოლებში, რაც გულისხმობს სამეწარმეო პროექტების ინიცირებას საჯარო სკოლებში და ახალი საგნის “შრომითი უნარჩვევების” პილოტირებას 10 საჯარო სკოლაში.
განათლების სამინსიტრო ინკლუზიურ განათლებას 2005 წლიდან ნერგავს საჯარო სკოლებში. თუმცა, ასევე უმნიშვნელოვანესია სპეციალური საგანმნათლებლო საჭიროების მქონე პირებისათვის განათლება იყოს ხელმისაწვდომი ყველა ეტაპზე. პროფესიულ განათლებაში ინკლუზიური განათლების დანერგვა ხელს შეუწობს სპეციალური საგანმანთლებლო საჭიროების მქონე პირებს გახდნენ მეტად ინტეგრირებულები საზოგადოებაში, შეიძინონ პროფესია და დასაქმდნენ.
პროექტის პრეზენტაციას არასამთავრობო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციბის, სახალხო დამცველის აპარატის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, USAID და UNIICEF-ს წარმომადგენლები, ესწრებოდნენ.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისადმი მიძღვნილი კონფერენცია

“კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის” ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით დღეს კონფერენციას “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები – არსებული სიტუაცია და ახალი გამოწვევები” გამართავს.
როგორც კოალიციიდან იტყობინებიან, კონფერენცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ტარდება. კონფერენციის მიზანია საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ არსებული პოლიტიკისა და განხორციელებული პროგრამების მოკლე შეჯამება; სამთავრობო სტრუქტურებთან და სფეროთი დაინტერესებულ სხვა ორგანიზაციებთან კონსულტაციებით მომავალი თანამშრომლობისა და ხედვების ჩამოყალიბება.
კონფერენციას დაესწრებიან საქართველოს პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, აშშ–ს სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რიჩარდ ნოლანდი, ასევე, საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციების, დიმპლომატიური კორპუსის, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასობრივი მედია საშუალებების წარმომადგენლები.

ბიძინა ივანიშვილი შეზღუდული შესაძლებლობების პირებს სამართლიანობის აღდგენას პირდება

“სახელმწიფო ვალდებულია, მაქსიმალურად დაიცვას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები”. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა. 
“ყველა სახელმწიფოს სახელი, კულტურა და ღირსება განისაზღვრება იმით, თუ როგორ ექცევა ის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს. ჩვენ როცა ხელისუფლებაში მოვდიოდით, გპირდებოდით, რომ სამართლიანობა აღდგება, პირველ რიგში, ეს სამართლიანობა თქვენთან მიმართებაში უნდა აღდგეს. სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს თქვენი ინტეგრირებისთვის, მათ შორის ტრანსპორტში, ქუჩებში, შენობებში. ეს უნდა მოხდეს არა უპროექტოდ ან გადაკეთებებით, არამედ თავიდანვე. მთელი საზოგადოება და თქვენც წინა ხელისუფლებიდან უსამართლობას განიცდიდით. ჩვენ უარს ვიტყვით იმ სიმახინჯეებზე, რაც წინა ხელისუფლების დროს არსებობდა”, – განაცხადა ივანიშვილმა.
მან ინკლუზიური განათლების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. 
იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით კი იუსტიციის სამინისტრო ყველა იმ კანონს შექმნის და მთავრობას წარუდგენს, რაც აღნიშნულ პირთა უფლებების რეალიზაციისთვისაა საჭირო.

ილიაუნის თეატრში შეზღუდული შესაძლებლობების პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სპექტაკლი დაიდგმება

ილიაუნის თეატრში დღეს შეზღუდული შესაძლებლობების პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სპექტაკლი დაიდგმება.

“ზამთრის სიზმარი”- ამ სახელწოდების პიესის ავტორი და დამდგმელი რეჟისორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სარეჟისორო ფაკულტეტის კურსდამთავრებული, თიკო მუზაშვილია.

სპექტაკლში მონაწილეობას აუტიზმის ცენტრის 12 სასკოლო ასაკის მოსწავლე, მათი კლასელები და ილიაუნის სამსახიობო ფაკულტეტის სტუდენტები მიიღებენ.
წინასაახალწლო ღონისძიება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წმ. გიორგის სახელობის აუტიზმის ცენტრის და ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” ორგანიზებით გაიმართება.

შეზღუდული შესაძლებლობების პირთა საერთაშორისო დღე ყოველ წელს, 3 დეკემბერს აღინიშნება.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წმინდა გიორგის სახელობის აუტიზმის ცენტრი 2010 წლის მაისში გაიხსნა. მისი მიზანი, აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე პირების საბაზისო უნარების ჩამოყალიბება და სკოლაში ინკლუზიაა. ცენტრი აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე 3-დან 7-წლამდე ასაკის ბავშვებს ემსახურება და მასში მუშაობა გამოყენებითი ქცევის ანალიზის მეთოდის მიხედვით მიმდინარეობს.

მინისტრმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს სამუშაო სხდომა გამართა

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე ზრუნვა ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ 2012 წლის 1 სექტემბრიდან სახელმწიფო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 18 წლამდე ასაკისა და მკვეთრად გამოხატული შშმ პირებს ჯანმრთელობის დაზღვევით უზრუნველყოფს. სამინისტროს გადაწყვეტილებით ასევე მნიშვნელოვნად გამარტივდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის დამხმარე საშუალებების (სავარძელ-ეტლი, საპროთეზო-ორთოპედიული საშუალება, სმენის აპარატი და კოხლეარული იმპლანტი) მიღების პროცედურები.

პროგრამაში შესაბამისი ცვლილებების შეტანამდე დამხმარე საშუალებების მისაღებად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს სპეციალური ფორმა №50/2-ის აღება სჭირდებოდათ. დოკუმენტი, რომლის ღირებულებაც 70 ლარს აღწევდა მხოლოდ სპეციალიზირებულ დაწესებულებებში გაიცემოდა და მის ასაღებად შშმ პირებს ზოგ შემთხვევაში დიდ მანძილზე გადაადგილება უწევდათ. მინისტრის გადაწყვეტილებით, ბიუროკრატიული და ფინანსური ბარიერები მაქსიმალურად გამარტივდა. დღეისათვის დამხმარე საშუალებების მიღება შესაძლებელია ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (№IV-100/ა) წარდგენით, რომლის აღებაც ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაშია შესაძლებელი.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმპ) საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა გაიმართა. სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრი და საბჭოს თანათავმჯდომარე ზურაბ ჭიაბერაშვილი უძღვებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა აქტუალური პრობლემები და მათი მოგვარების გზები განიხილებოდა.

სახელმწიფო საბჭოს შემადგენლობაში სხვადასხვა სამინისტროების, საქართველოს პარლამენტისა და შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან. უწყებათაშორისი ორგანოს მთავარი ამოცანა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა, ამ მიმართულებით სახელმწიფო პროგრამების ჩამოყალიბება, სტრატეგიული სამოქმედო გეგმისა და საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავებაა.

საკოორდინაციო საბჭოს საქართველოს პრემიერ მინისტრი ხელმძღვანელობს. კომისიის წევრები გაწეული საქმიანობის ანგარიშს საქართველოს მთავრობას ყოველწლიურად წარუდგენენ.

18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს სახელმწიფო დააზღვევს

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 2012 წლის 1 სექტემბრიდან სახელმწიფო დამატებით 0-დან 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს (შშმპ) დააზღვევს. დღესდღეობით საქართველოში 18 წლამდე ასაკის 8645 შშმ პირია რეგისტრირებული, რომლებიც სახელმწიფოსგან ყოველთვიური პენსიის სახით 70 ლარს იღებენ.
„მთავარი ამოცანაა, არც ერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ჯანმრთელობის პრობლემა არ დარჩეს ჩვენი ყურადღების გარეშე, მიუხედავად მისი ოჯახის სოციალური სტატუსისა‘‘-განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდების სამედიცინო დაზღვევა დაფარავს: 
* სასწრაფო სამედიცინო დახმარებას;
* ექიმთან კონსულტაციებს;
* ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ (ელექტროკარდიოგრაფულ, ექოსკოპიურ და რენდენოლოგიურ) გამოკვლევებს;
* გადაუდებელ (მათ შორის რეანიმაციულ) მკურნალობას სამედიცინო დაწესებულებაში; 
* გეგმიურ და გადაუდებელ ქირურგიულ ოპერაციებს; 
* ონკოლოგიურ დაავადებათა მკურნალობას და დიაგნოსტიკას; 
* მედიკამენტებს. 
ზოგიერთი სამედიცინო მომსახურება ითვალისწინებს თანაგადახდას დაზღვეულის მხრიდან.
შემოდგომიდან 18 წლამდე შშმ პირებთან ერთად, ასევე, სახელმწიფო დაზღვევით ისარგებლებს 600 ათასზე მეტი პენსიონერი, 0-დან 5 წლის ჩათვლით ასაკის 300 ათასზე მეტი ბავშვი და 100 ათასამდე სხვასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი. იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო დაზღვევით უკვე სარგებლობენ სოციალურად დაუცველი ოჯახების წევრები, პედაგოგები და სხვა შესაბამისი კატეგორიის მოქალაქეები, ხოლო კერძოდ დაზღვეულთა რაოდენობა 400 ათას აღწევს, 2012 წლის ბოლოს საქართველოში დაზღვეულთა რაოდენობა საერთო ჯამში 2.2 მილიონ ადამიანს გადააჭარბებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ყოველი მეორე მოქალაქე დაზღვეული იქნება.
ახალი საავადმყოფოების მშენებლობების პარალელურად დაზღვეულთა რაოდენობის ზრდა ხელს შეუწყობს ქვეყანაში ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნვეყოფას.