ვაკანსია ტრავმატოლოგ-ორთოპედის პოზიციაზე

შპს „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი“ აცხადებს ვაკანსიას ტრავმატოლოგ-ორთოპედის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ამბულატორიული პაციენტების მომსახურეობა;
  • სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება;
  • დაწესებულების შინაგანაწესის დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  • სახელმწიფო სერთიფიკატი შესაბამის საექიმო სპეციალობაში;
  • სამუშაო გამოცდილება არაუმცირეს 3 წლისა.

დამატებითი მოთხოვნები:

  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია უცხო ენების (ინგლისური, რუსული) ცოდნა;
  • კომუნიკაბელურობა, თავაზიანობა, ენერგიულობა,  ორგანიზებულობა.

სამუშაო გრაფიკი: ყოველდღე – 10:00-დან 18:00-მდე, შაბათ-კვირის გარდა.

ხელფასი: შეთანხმებით.

დაინტერესებულმა პირებმა 10 სექტემბრამდე გამოაგზავნეთ CV ელ-ფოსტით მისამართზე:info@rehabcenter.ge

კანდიდატურის შერჩევა მოხდება წარმოდგენილი მონაცემებისა და გასაუბრების მიხედვით.

წარმოდგენილი მონაცემების საფუძველზე, წინასწარი შერჩევის შედეგად გამოვლენილ კანდიდატებს გასაუბრებაზე დაშვების შესახებ შეტყობინება გაეგზავნებათ სამი დღის ვადაში ელ–ფოსტის მეშვეობით.

სამხედრო ექიმის დღე

სამხედრო ექიმებმა პროფესიული დღესასწაული აღნიშნეს. 
ღონისძიებაზე დასასწრებად გორში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჩავიდა. ირაკლი ალასანიამ სამხედრო ჰოსპიტლის ტერიტორიაზე დღეს 2008 წლის საომარი მოქმედებების დროს დაღუპული ექიმის გიორგი აბრამიშვილის მემორიალური დაფა გახსნა. თავდაცვის მინისტრის ინიციატივით სამხედრო ჰოსპიტალს დღეიდან დაღუპული ექიმის სახელი მიენიჭა.
დღესვე ირაკლი ალასანიამ ჰოსპიტლის ხელმძღვანელთან ერთად დაღუპული მედიკოსების სახელობის მემორიალი გვირგვინით შეამკო. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ქართველ სამხედრო ექიმებს სიტყვით მიმართა: „21 წელია რაც სამხედრო ექიმები პროფესიულ დღესასწაულს აღნიშნავთ. 21 წელია თქვენ ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების ჯანმრთელობაზე ზრუნავთ. შეიარაღებული ძალების სახელით მინდა მადლობა გითხრათ თქვენი შრომისთვის. სამხედრო ექიმი ორმაგად დასაფასებელია, რადგან ის იცავს სამშობლოს და მათ, ვინც ჩვენს სამშობლოს ემსახურება. ძალიან ბევრი ექიმი შეეწირა მტრის ტყვიას. ლერი ლაგურაშვილს, რომელიც მძიმედ იყო დაჭრილი ცხინვალში, თავის თავზე არ უფიქრია. მან პირველ რიგში დაჭრილი სამხედროების ევაკუირება მოახდინა თავის სიცოცხლის ფასად. ჩვენ არაერთი ასეთი მაგალითი გვაქვს. გორის ჰოსპიტალი უმძიმეს დღეებში არ მიუტოვებია მედ პერსონალს. გამოცხადებული ევაკუაციის მიუხედავად, სამუშაო ადგილზე დარჩა გიორგი აბრამიშვილი, რომელიც სწორედ ამ ადგილას რუსულ ნაღმს შეეწირა. დღეს ჩვენს სამხედრო ჰოსპიტალს გიორგი აბრამიშვილის სახელი მიენიჭა. ამით ჩვენ პატივი მივაგეთ არა მხოლოდ მას, არამედ ყველა იმ ექიმს, ვინც სამხედრო ფორმა ჩაიცვა და ჩვენი ქვეყნის სამსახურში ჩადგა. ჰოსპიტალი მნიშვნელოვანი რგოლია ჩვენს შეიარაღებულ ძალებში. მისი გამართული ფუნქციონირება არა მხოლოდ ომის, არამედ მშვიდობის დროსაც აუცილებელია. მიხარია, რომ აქ კეთდება ურთულესი ოპერაციები და ჩვენი სამხედროების ჯანმრთელობა საიმედო ხელშია.“
ღონისძიების დასრულების შემდეგ თავდაცვის მინისტრმა ჰოსპიტალი დაათავლიერა. ირაკლი ალასანია თანამშრომლებს პირადად შეხვდა და გაესაუბრა. სამხედრო ექიმები პროფესიულ დღესასწაულს 1992 წლიდან აღნიშნავენ.

პარაოლიმპიურ კომიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საბრძოლო მოქმედებების დროს დაჭრილი ქართველი სამხედრო მოსამსახურეები რეგიონალური და ეროვნული მასშტაბის სპორტულ შეჯიბრებებში მიიღებენ მონაწილეობას. ამ მიზნით,საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ეროვნულ პარაოლიმპიურ კომიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი დღეს გააფორმა. დოკუმენტს ხელი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ და კომიტეტის პრეზიდენტმა ლელა აფციაურმა მოაწერეს. 
მემორანდუმის საფუძველზე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სამხედროებისთვის სპორტული კლუბების გახსნა და სავარჯიშო პირობების შექმნა იგეგმება. თავდაცვის სამინისტრო პარაოლიმპიურ კომიტეტთან ერთად, სამხედრო მოსამსახურეებისთვის სპორტული ღონისძიებების განსახორციელებლად გეგმებს პერიოდულად შეიმუშავებს.
მემორანდუმის პირობებისა და მის ფარგლებში განსახორციელებელი სპორტული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია დაჭრილმა სამხედრო მოსამსახურეებმა პარაოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობისგანაც მიიღეს. 
„საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სამხედრო მოსამსახურეების დასაქმება, რეაბილიტაცია და საზოგადოების სრულფასოვან წევრებად მათი დაბრუნება უმთავრესი პრიორიტეტია. ჩვენს პარტნიორებთან ერთად საქართველოში სარეაბილიტაციო ცენტრი იქმნება. გარდა ამისა, ჩვენ ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სპეციალური პროგრამა შევიმუშავეთ, სადაც მათი დასაქმების პროგრამა დაიწყო. მოხარული ვარ, რომ მემორანდუმი გავაფორმეთ პარაოლიმპიურ კომიტეტთან ერთად. დარწმუნებული ვარ, რომ მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, ჩვენი სამხედროები – პარაოლიმპიელები ძალიან დიდ წარმატებას მიაღწევენ იმიტომ, რომ ბოლომდე ბრძოლის უნარი ჩვენ სისხლში და გენში გვაქვს. ჩვენი სამხედროებისგან დიდი წარმატებების იმედი გვაქვს” – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა მემორანდუმის გაფორმების შემდეგ.
როგორც პარაოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლელა აფციაურმა აღნიშნა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სამხედრო მოსამსახურეების სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებში ჩართვა ხელს შეუწყობს მათ საზოგადოებაში ინტეგრირებას, სოციალურ ადაპტაციასა და რეინტეგრაციას. 
ხელმოწერის ცერემონიალი თავდაცვის სამინისტროში გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი პირები, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი და ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვი დაესწრნენ.

14 ივნისი საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა

14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება” და კაშირი „სტუდია ეი-დი-დი”-ს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდებმა სპექტაკლი „ფიფქია და შვიდი ჯუჯა” გამართეს. ღონისძებას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ესწრებოდა. მინისტრმა შშმ პირთა უფლებების დაცვის აქტუალობასა და მნიშვნელობაზე ისაუბრა. დავით სერგეენკომ დამსწრე საზოგადოებას საქართველოს პრემიერ მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიერ, ამ დღისადმი მიძღვნილი სპეციალური წერილი წაუკითხა და 14 ივნისი მიულოცა. ამ დღის მიზანია, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების სოციალური იზოლაციის დაძლევა, საზოგადოებაში მათ მიმართ არსებული ნეგატიური სტერეოტიპების რღვევა და მათი რეალური შესაძლებლობების წარმოჩენა. 14 ივნისი, საქართველოში შეზღუდულ შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღედ, საქართველოს პარლამენტის მიერ, 2000 წელს გამოცხადდა.

კონფერენცია თემაზე: „მორალი და ფსიქოლოგიური დახმარება, პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობა და თავის ტვინის ტრავმული დაზიანება“

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის მიერ 14-16 მაისს ჩატარდა კონფერენცია მებრძოლთა ფსიქიკური ჯანდაცვის თემაზე.

კონფერენციაზე განიხილეს „დაჭრილ მებრძოლთა დახმარების შესაძლებლობების განვითარების“ (Wounded Warrior BAC-G) პროგრამა.

თავდაცვის სამინისტროს მორალისა და ფსიქოლოგიური დახმარების განყოფილების უფროსმა მიმოიხილა მათ მიერ წარმოებული საქმიანობა თავდაცვის სამინისტროში არსებული ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის, პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობისა და თავის ტვინის ტრავმული დაზიანების პროგრამის ფარგლებში.

მონაწილეებმა დაათვალიერეს გორის ჰოსპიტლის რეაბილიტაციის განყოფილება და ადგილზე გაეცნენ რეაბილიტაციისა და ფსიქოლოგიური დახმარების შესაძლებლობებს, ასევე, დაჭრილ მებრძოლთა რეინტეგრაციის, განათლებისა და დასაქმების პროგრამის მიმდინარეობას.

აშშ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის წარმომადგენელმა ისაუბრა თავდაცვის სფეროში ფსიქიკური ჯანდაცვის თემაზე მათი გამოცდილების შესახებ.

კონფერენციის მონაწილეებმა შეაფასეს ჩატარებული მუშაობა, მიმოიხილეს რეკომენდაციები და დასახეს გეგმები მებრძოლთა დახმარების შესაძლებლობების შემდგომი განვითარებისთვის.

კონფერენციას ესწრებოდნენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის დირექტორი თეა ერისთავი და დირექტორის მოადგილე მარინე ქვარაია.

აშშ-ის ელჩის რიჩარდ ნორლანდის ვიზიტი

დღეს შპს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრს“ აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი ვიცე-პოლკოვნიკი მედეა ბეთაშვილი ესტუმრნენ. მათ რეაბილიტაციის ცენტრის ხელმძღვანელობასთან გამართეს შეხვედრა და ცენტრის ამჟამინდელ შესაძლებლობებს გაეცნენ.

„შშმპ სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის“ ბაზაზე შეიქმნება საერთაშორისო სტანდარტებისა და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი რეაბილიტაციისა და პროტეზირების ცენტრი, სადაც ISAF-ის მისიაში დაჭრილ ქართველ ჯარისკაცებს ჩაუტარდებათ ფიზიკური, სოციალური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსი. „ქართველ დაშავებულ მებრძოლთა პროექტზე“ აშშ-ის მხარდაჭერით, თავდაცვის სამინისტრო და ODC-ის (თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისი) წარმომადგენლები ერთობლივად მუშაობენ.

„მნიშვნელოვანია, რომ რეაბილიტაციის ცენტრი მოემსახურება როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო პირებს. მომავალში ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ცენტრი საშუალებას მისცემს დაჭრილ სამხედროებს, ასევე სამოქალაქო პირებს სრული სარეაბილიტაციო კურსი ჩაიტარონ და საზოგადოების სრულფასოვანი წევრები გახდნენ. ზუსტად ასევე ხდება ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, სადაც მსგავსი ცენტრებით სარგებლობა შეუძლია სამხედრო და სამოქალაქო სექტორს. მიმდინარე პროგრამას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი აფინანსებს“ – აღნიშნა აშშ-ის ელჩა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა.

„ავღანეთში დაჭრილ ქართველი სამხედრო მოსამსახურეებისთვის ფიზიკური, სოციალური, ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის აუცილებლობიდან გამომდინარე, თავდაცვის სამინისტრო, ამერიკელ პარტნიორებთან ერთად, ერთობლივ პროგრამას ამუშავებს. ამერიკული მხარის ხელშეწყობით საქართველოში შეიქმნება საერთაშორისო სტანდარტების მქონე რეაბილიტაციის ცენტრი, რომელიც მოემსახურება არა მარტო „ISAF“-ის მისიაში დაჭრილ სამხედროებს, არამედ სამოქალაქო პირებსაც. ჯარისკაცების მიღება უკვე დაიწყო. ამ წლის განმავლობაში ხუთმა ჯარისკაცმა შეიცვალა პროტეზი, რაღაც ხარვეზების გამო. მალე, როდესაც ცენტრი ოფიციალურად დაარსდება, მასობრივი მკურნალობა დაიწყება“ – განაცხადა ვიცე-პოლკოვნიკმა მედეა ბეთაშვილმა.

რეაბილიტაციის ცენტრში იმყოფებოდნენ ასევე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბროლაძე, გორის სამხედრო ჰოსპიტლის რეაბილიტაციის განყოფილების წარმომადგენლები და რეაბილიტაციის მომსახურების პროგრამის მენეჯერი აშშ-ის მხრიდან.

იანვარში სამედიცინო ცენტრში უკვე იმყოფებოდნენ ამერიკელ და გერმანელ არქიტექტორთა სამუშაო ჯგუფი. ევროპის სარდლობის სამედიცინო და საინჟინრო კონსულტაციებზე დაყრდნობით, გადაწყდა, რომ უნდა მოხდეს შენობის რეკონსტრუქცია და პროთეზის დამამზადებელი თანამედროვე აღჭურვილობის შესყიდვა. ასევე, დაიგეგმა ცენტრის სამედიცინო პერსონალის გადამზადება, საერთაშორისო სტანდარტებთის შესაბამისად.

„ორთოტეკის“ წარმომადგენლის სამუშაო ვიზიტი შშმპ სოციალური რეაბილიტაციის ცენტრში

11 თებერვლიდან 15 თებერვლის ჩათვლით შშმპ სოციალური რეაბილიტაციის ცენტრში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა საპროტეზო-ორთოპედიული პროდუქციის მწარმოებელი თურქული ფირმის „ორთოტეკის“ სპეციალისტი კადირ შაირი.

კადირ შაირმა ტრეინინგ-სემინარებზე ცენტრის თანამშრომლებს გააცნო საპროტეზო-ორთოპედიული სფეროს სიახლეები, რომელიც დანერგილია და წარმატებით ხორციელდება თურქეთში, ისაუბრა ტექნიკოს-პროტეზისტებისთვის საინტერესო საკითხებზე, რომელიც ეხებოდა უახლესი მასალებისა და ტექნოლოგიების გამოყენებასა და საჭიროებებს.

ვიზიტის ფარგლებში თურქმა სპეციალისტმა განახორციელა პროტეზირებასთან დაკავშირებული პროცესების (ზომების აღება, თაბაშირზე მუშაობა, ლამინირება და ა.შ.) პრაქტიკული დემონსტრირება-სწავლება, რაც განსაკუთრებით სასარგებლო იყო ცენტრის ახალგაზრდა თანამშრომლებისთვის.

სამუშაო შეხვედრა შშმპ სოციალური რეაბილიტაციის ცენტრში

22 და 23 იანვარს შშმპ სოციალური რეაბილიტაციის ცენტრში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა საქართველოში ამპუტირებულთა მოვლისა და სარეაბილიტაციო მომსახურების პოტენციალის შექმნის შესახებ. 

შეხვედრას ესწრებოდნენ: ამერიკა-საქართველოს თავდაცვის სფეროშითანამშრომლობის ოფისისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, საპროთეზო-ორთოპედიულ ნაკეთობათა გერმანულ კომპანია “ოტობოკიდან” მოწვეული ექსპერტები, უცხოელი და ადგილობრივი ინჟინერ-ექსპერტები.

სტუმრებმა დაათვალიერეს ცენტრის შენობა, გაეცნენ მის სიმძლავრეებს, შეაფასეს თანამშრომელთა შესაძლებლობები, განიხილეს შენობის რეაბილიტაციის, სათანადოდ აღჭურვისა და პერსონალის გადამზადების საჭიროებები.

კომპანია “ოტობოკი” უზრუნველყოფს ცენტრის საპროტეზო ლაბორატორიის დაგეგმარებას, სათანადო აღჭურვილობის მოწოდებას და ასევე, მონაწილეობას მიიღებს მომუშავე პერსონალის გადამზადებაში.

ამერიკა-საქართველოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისი დაეხმარება ქართულ მხარეს სათანადო ტექნიკური აღჭურვილობის შეძენასა და კადრების გადამზადებაში.

შეხვედრის მონაწილეებმა იმედი გამოთქვეს, რომ სულ ახლო მომავალშიშესაძლებელი გახდება ამპუტირებული ქართველი სამხედროებისთვის საპროტეზო მომსახურებისა და სამედიცინო-სოციალური რეაბილიტაციის ადგილზე განხორციელება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღე

3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეა. მსოფლიოს მოსახლეობის 15% ანუ 1 მილიარდი ადამიანი უნარშეზღუდულია. ხშირ შემთხვევაში ადამიანებმა არ იციან, რა რაოდენობის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანი ცხოვრობს მსოფლიოში და რა პრობლემებს აწყდებიან ისინი ცხოვრების მანძილზე. ჯანმო-ს მიზანს წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება ნაციონალურ, რეგიონულ და გლობალურ დონეზე და აგრეთვე  ინფორმირებულობის დონის ამაღლება ინვალიდობის მასშტაბებისა და მისი შედეგების შესახებ.
ეს დღე მიზნად ისახავს ინვალიდობის საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას. ამ დღის აღნიშვნა იძლევა შესაძლებლობას, მოვახდინოთ მობილიზაცია უნარშეზღუდულ პირთა ღირსების, უფლებებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად და ხელი შევუწყოთ  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, რომ მოხდეს მათი სრულფასოვანი ინტეგრირება  საზოგადოებაში.

110-190 მილიონ ადამიანს აღენიშნება საკმაოდ სერიოზული შეზღუდვა ფუნქციონირებაში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით  მოსახლეობის დაბერებასთან და  ქრონიკული დაავადებების გავრცელებასთან დაკავშირებით ინვალიდობის მაჩვენებელი მატულობს. დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში ინვალიდობის მაჩვენებლი გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით ინვალიდობის მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია ქალებსა და მოხუცებში, ასევე ბავშვებსა და დაბალი სოციალური ფენის  მოსახლეობაში.

ხშირად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ვერ იღებენ სათანადო  სამედიცინო დახმარებას. ინვალიდთა კონტიგენტის ნახევარს არ შესწევს უნარი დაფაროს სამედიცინო მომსახურების ხარჯები.  ჯანმრთელ ადამიანებს შორის ეს რიცხვი ერთ მესამედს შეადგენს. 2-ჯერ მეტია  იმის ალბათობა, რომ  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ვერ მიიღებენ კვალიფიციური სამედიცინო დახმარებას; 4-ჯერ მეტია იმის ალბათობა, რომ  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები მიიღებენ დაბალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას, ვიდრე ჯანმრთელი ადამიანები და დაახლოებით 3-ჯერ მეტია იმის ალბათობა, რომ მათ საერთოდ არ გაეწიოთ არავითარი სამედიცინო მომსახურება. 

არსებობს აგრეთვე გარკვეული გასნხვავებები ყველა ასაკობრივი ჯგუფის უნარშეზღუდულ და ჯანმრთელ ბავშვებს შორის სრული საშუალო განათლების მიღების მაჩვენებლებში. მაგალითად,  პროცენტული მაჩვენებლის სხვაობა იმ შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვებსა  და ჯანმრთელ ბავშვებს შორის, რომლებიც იღებენ დაწყებით განათლებას  მერყეობს 10%-დან (ინდოეთი)  60%-მდე (ინდონეზია). 

ასევე საკმაოდ მაღალია უმუშევრობის მაჩვენებელი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებში. მსოფლიოს მონაცემებით დასაქმების მაჩვენებელი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მამაკაცებში შეადგენს 53%-ს და  ქალებში – 20%-ს, მაშინ როდესაც ჯანმრთელი მამაკაცების შემთხვევაში ის შეადგენს 65%-ს, ხოლო ჯანმრთელ ქალებში –  30%-ს.

ბევრ ქვეყანაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის  არ არის  ხელმისაწვდომი რეაბილიტაციის ადექვატური სერვისები. სამხრეთ აფრიკის ქვეყნების მონაცემებით მათგან მხოლოდ 26–55% იტარებს საჭირო სამედიცინო რეაბილიტაციას და მხოლოდ 17–37% – თვის არის ხელმისაწვდომი ისეთი დამხმარე საშუალებები როგორიცაა ინვალიდის სავარძლები, სმენის აპარატები, პროტეზები და ა.შ.

უნარშეზღუდული ადამიანები არიან უფრო უმწეონი  და ცხოვრებენ უფრო მეტ სიღარიბეში, ვიდრე იგივე შემოსავლების მქონე ჯანმრთელი ადამიანები. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით სახელმწიფოებმა უნარშეზღუდულ პირთა ცხოვრების გაუმჯობესების მიზნით უნდა განახორციელონ შემდეგი ქმედებები:

•    უზრუნველყონ ძირითადი მომსახურების ხელმისაწვდომობა;
•    განახორციელონ  უნარშეზღუდულ პირთა სპეციალური  პროგრამების ინვესტირება;
•    მიიღონ ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა;
•    გააუმჯობესონ პერსონალის განათლების დონე, უზრუნველყონ სპეციალიზირებული პერსონალის მომზადება და  მათი მიღება სამუშაო ადგილზე; 
•    უზრუნველყონ სათანადო დაფინანსება;
•    აამაღლონ საზოგადოების ინფორმირებულობის დონე ინვალიდობის საკითხებთან დაკავშირებით;
•    გააძლიერონ მუშაობა სამეცნიერო კვლევების და მონაცემთა შეგროვების კუთხით;
•    მოახდინონ შეზღუდული შესაძლებლობების პირთა ჩართვა პოლიტიკისა და  პროგრამების განხორციელების პროცესში.

“ოტობოკის” წარმომადგენლები თავდაცვის სამინისტროში

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პროთეზების მწარმოებელი გერმანული კომპანია „ოტობოკის“ წარმომადგენლები სტუმრობდნენ. კომპანიის აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული მენეჯერი დიმიტრი დანიჩენკო თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა დოლიძემ და დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსმა, პაატა პატიაშვილმა მიიღეს.

შეხვედრას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის დირექტორი თეა ერისთავი, საერთაშორისო ტრენერი, ტექნიკოს-პროთეზისტი კირამ დიაბი და ტექნიკოს-პროთეზისტი კახაბერ ქათამაძე დაესწრნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა დაშავებული და დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების მხარდაჭერაზე ისაუბრეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და კომპანია „ოტობოკს“ შორის მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. დღევანდელ შეხვედრაზე დამხმარე საშუალებების საგარანტიო ვადების გაგრძელების შესახებაც იმსჯელეს.

2013 წლის 26 დეკემბერს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკულ კორპორაციას Peter Harsch Prosthetics-ს შორის გაფორმდა კონტრაქტი, რომლის საფუძველზეც ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს ამპუტირებული კიდურები „ოტობოკის“ მიერ წარმოებული უახლესი ტექნოლოგიებით დაუმზადდებათ. პროთეზირების პროგრამა სამშვიდობო მისიებისა და 2008 წლის აგვისტოს ომში მძიმედ დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა გაიარეს, რომელთაც აქვთ ზედა კიდურების, ბარძაყის დონეზე ცალმხრივი და ორმხრივი ამპუტაცია.

გერმანელი ტექნიკოსები საქართველოში პერიოდულად ჩამოდიან და მათ ფირმის მიერ წარმოებული პროთეზების მდგომარეობას ამოწმებენ.