„ორთოტეკის“ წარმომადგენლის სამუშაო ვიზიტი შშმპ სოციალური რეაბილიტაციის ცენტრში

11 თებერვლიდან 15 თებერვლის ჩათვლით შშმპ სოციალური რეაბილიტაციის ცენტრში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა საპროტეზო-ორთოპედიული პროდუქციის მწარმოებელი თურქული ფირმის „ორთოტეკის“ სპეციალისტი კადირ შაირი.

კადირ შაირმა ტრეინინგ-სემინარებზე ცენტრის თანამშრომლებს გააცნო საპროტეზო-ორთოპედიული სფეროს სიახლეები, რომელიც დანერგილია და წარმატებით ხორციელდება თურქეთში, ისაუბრა ტექნიკოს-პროტეზისტებისთვის საინტერესო საკითხებზე, რომელიც ეხებოდა უახლესი მასალებისა და ტექნოლოგიების გამოყენებასა და საჭიროებებს.

ვიზიტის ფარგლებში თურქმა სპეციალისტმა განახორციელა პროტეზირებასთან დაკავშირებული პროცესების (ზომების აღება, თაბაშირზე მუშაობა, ლამინირება და ა.შ.) პრაქტიკული დემონსტრირება-სწავლება, რაც განსაკუთრებით სასარგებლო იყო ცენტრის ახალგაზრდა თანამშრომლებისთვის.

სამუშაო შეხვედრა შშმპ სოციალური რეაბილიტაციის ცენტრში

22 და 23 იანვარს შშმპ სოციალური რეაბილიტაციის ცენტრში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა საქართველოში ამპუტირებულთა მოვლისა და სარეაბილიტაციო მომსახურების პოტენციალის შექმნის შესახებ. 

შეხვედრას ესწრებოდნენ: ამერიკა-საქართველოს თავდაცვის სფეროშითანამშრომლობის ოფისისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, საპროთეზო-ორთოპედიულ ნაკეთობათა გერმანულ კომპანია “ოტობოკიდან” მოწვეული ექსპერტები, უცხოელი და ადგილობრივი ინჟინერ-ექსპერტები.

სტუმრებმა დაათვალიერეს ცენტრის შენობა, გაეცნენ მის სიმძლავრეებს, შეაფასეს თანამშრომელთა შესაძლებლობები, განიხილეს შენობის რეაბილიტაციის, სათანადოდ აღჭურვისა და პერსონალის გადამზადების საჭიროებები.

კომპანია “ოტობოკი” უზრუნველყოფს ცენტრის საპროტეზო ლაბორატორიის დაგეგმარებას, სათანადო აღჭურვილობის მოწოდებას და ასევე, მონაწილეობას მიიღებს მომუშავე პერსონალის გადამზადებაში.

ამერიკა-საქართველოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისი დაეხმარება ქართულ მხარეს სათანადო ტექნიკური აღჭურვილობის შეძენასა და კადრების გადამზადებაში.

შეხვედრის მონაწილეებმა იმედი გამოთქვეს, რომ სულ ახლო მომავალშიშესაძლებელი გახდება ამპუტირებული ქართველი სამხედროებისთვის საპროტეზო მომსახურებისა და სამედიცინო-სოციალური რეაბილიტაციის ადგილზე განხორციელება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღე

3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეა. მსოფლიოს მოსახლეობის 15% ანუ 1 მილიარდი ადამიანი უნარშეზღუდულია. ხშირ შემთხვევაში ადამიანებმა არ იციან, რა რაოდენობის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანი ცხოვრობს მსოფლიოში და რა პრობლემებს აწყდებიან ისინი ცხოვრების მანძილზე. ჯანმო-ს მიზანს წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება ნაციონალურ, რეგიონულ და გლობალურ დონეზე და აგრეთვე  ინფორმირებულობის დონის ამაღლება ინვალიდობის მასშტაბებისა და მისი შედეგების შესახებ.
ეს დღე მიზნად ისახავს ინვალიდობის საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას. ამ დღის აღნიშვნა იძლევა შესაძლებლობას, მოვახდინოთ მობილიზაცია უნარშეზღუდულ პირთა ღირსების, უფლებებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად და ხელი შევუწყოთ  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, რომ მოხდეს მათი სრულფასოვანი ინტეგრირება  საზოგადოებაში.

110-190 მილიონ ადამიანს აღენიშნება საკმაოდ სერიოზული შეზღუდვა ფუნქციონირებაში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით  მოსახლეობის დაბერებასთან და  ქრონიკული დაავადებების გავრცელებასთან დაკავშირებით ინვალიდობის მაჩვენებელი მატულობს. დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში ინვალიდობის მაჩვენებლი გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით ინვალიდობის მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია ქალებსა და მოხუცებში, ასევე ბავშვებსა და დაბალი სოციალური ფენის  მოსახლეობაში.

ხშირად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ვერ იღებენ სათანადო  სამედიცინო დახმარებას. ინვალიდთა კონტიგენტის ნახევარს არ შესწევს უნარი დაფაროს სამედიცინო მომსახურების ხარჯები.  ჯანმრთელ ადამიანებს შორის ეს რიცხვი ერთ მესამედს შეადგენს. 2-ჯერ მეტია  იმის ალბათობა, რომ  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ვერ მიიღებენ კვალიფიციური სამედიცინო დახმარებას; 4-ჯერ მეტია იმის ალბათობა, რომ  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები მიიღებენ დაბალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას, ვიდრე ჯანმრთელი ადამიანები და დაახლოებით 3-ჯერ მეტია იმის ალბათობა, რომ მათ საერთოდ არ გაეწიოთ არავითარი სამედიცინო მომსახურება. 

არსებობს აგრეთვე გარკვეული გასნხვავებები ყველა ასაკობრივი ჯგუფის უნარშეზღუდულ და ჯანმრთელ ბავშვებს შორის სრული საშუალო განათლების მიღების მაჩვენებლებში. მაგალითად,  პროცენტული მაჩვენებლის სხვაობა იმ შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვებსა  და ჯანმრთელ ბავშვებს შორის, რომლებიც იღებენ დაწყებით განათლებას  მერყეობს 10%-დან (ინდოეთი)  60%-მდე (ინდონეზია). 

ასევე საკმაოდ მაღალია უმუშევრობის მაჩვენებელი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებში. მსოფლიოს მონაცემებით დასაქმების მაჩვენებელი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მამაკაცებში შეადგენს 53%-ს და  ქალებში – 20%-ს, მაშინ როდესაც ჯანმრთელი მამაკაცების შემთხვევაში ის შეადგენს 65%-ს, ხოლო ჯანმრთელ ქალებში –  30%-ს.

ბევრ ქვეყანაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის  არ არის  ხელმისაწვდომი რეაბილიტაციის ადექვატური სერვისები. სამხრეთ აფრიკის ქვეყნების მონაცემებით მათგან მხოლოდ 26–55% იტარებს საჭირო სამედიცინო რეაბილიტაციას და მხოლოდ 17–37% – თვის არის ხელმისაწვდომი ისეთი დამხმარე საშუალებები როგორიცაა ინვალიდის სავარძლები, სმენის აპარატები, პროტეზები და ა.შ.

უნარშეზღუდული ადამიანები არიან უფრო უმწეონი  და ცხოვრებენ უფრო მეტ სიღარიბეში, ვიდრე იგივე შემოსავლების მქონე ჯანმრთელი ადამიანები. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით სახელმწიფოებმა უნარშეზღუდულ პირთა ცხოვრების გაუმჯობესების მიზნით უნდა განახორციელონ შემდეგი ქმედებები:

•    უზრუნველყონ ძირითადი მომსახურების ხელმისაწვდომობა;
•    განახორციელონ  უნარშეზღუდულ პირთა სპეციალური  პროგრამების ინვესტირება;
•    მიიღონ ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა;
•    გააუმჯობესონ პერსონალის განათლების დონე, უზრუნველყონ სპეციალიზირებული პერსონალის მომზადება და  მათი მიღება სამუშაო ადგილზე; 
•    უზრუნველყონ სათანადო დაფინანსება;
•    აამაღლონ საზოგადოების ინფორმირებულობის დონე ინვალიდობის საკითხებთან დაკავშირებით;
•    გააძლიერონ მუშაობა სამეცნიერო კვლევების და მონაცემთა შეგროვების კუთხით;
•    მოახდინონ შეზღუდული შესაძლებლობების პირთა ჩართვა პოლიტიკისა და  პროგრამების განხორციელების პროცესში.

“ოტობოკის” წარმომადგენლები თავდაცვის სამინისტროში

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პროთეზების მწარმოებელი გერმანული კომპანია „ოტობოკის“ წარმომადგენლები სტუმრობდნენ. კომპანიის აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული მენეჯერი დიმიტრი დანიჩენკო თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა დოლიძემ და დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსმა, პაატა პატიაშვილმა მიიღეს.

შეხვედრას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის დირექტორი თეა ერისთავი, საერთაშორისო ტრენერი, ტექნიკოს-პროთეზისტი კირამ დიაბი და ტექნიკოს-პროთეზისტი კახაბერ ქათამაძე დაესწრნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა დაშავებული და დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების მხარდაჭერაზე ისაუბრეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და კომპანია „ოტობოკს“ შორის მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. დღევანდელ შეხვედრაზე დამხმარე საშუალებების საგარანტიო ვადების გაგრძელების შესახებაც იმსჯელეს.

2013 წლის 26 დეკემბერს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკულ კორპორაციას Peter Harsch Prosthetics-ს შორის გაფორმდა კონტრაქტი, რომლის საფუძველზეც ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს ამპუტირებული კიდურები „ოტობოკის“ მიერ წარმოებული უახლესი ტექნოლოგიებით დაუმზადდებათ. პროთეზირების პროგრამა სამშვიდობო მისიებისა და 2008 წლის აგვისტოს ომში მძიმედ დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა გაიარეს, რომელთაც აქვთ ზედა კიდურების, ბარძაყის დონეზე ცალმხრივი და ორმხრივი ამპუტაცია.

გერმანელი ტექნიკოსები საქართველოში პერიოდულად ჩამოდიან და მათ ფირმის მიერ წარმოებული პროთეზების მდგომარეობას ამოწმებენ.

“Ottobock”-ის სპეციალისტები შშმ პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრში

შშმ პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და გერმანიის ქ. დუდერშტატის საპროთეზო ფირმა ,,Ottobock“ სამმხრივი მემორანდუმის ფარგლებში, საპროთეზო ფირმა ,,Ottobock“-ის თანამშრომლები დიმიტრი დალნიჩენკო და ქარიმ დიაბი საქართველოში იმყოფებიან. მათ შშმ პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრში კონსულტაცია გაუწიეს კიდურ-ამპუტირებულ ქართველ ვეტერანებს შემდგომში მაღალტექნოლოგიური პროთეზების დამზადების მიზნით.

პროთეზების დამზადება 2015 წლიდან მიმდინარეობს და უკვე რიგით მესამე ეტაპი განხორციელდა. პროცესს შშმ პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის დირექტორი თეა ერისთავი და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი კობა კობალაძე დაესწრნენ. ისინი ადგილზე გაეცნენ მიმდინარე და დაგეგმილ სამუშაოებს ამ მიმართულებით.


საზაფხულო აქცია ინდივიდუალურად შერჩეულ სამკურნალო ვარჯიშებსა და მასაჟზე!

”შშმ პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი” გთავაზობთ 20%-იან ფასდაკლებას ინდივიდუალურად შერჩეულ სამკურნალო ვარჯიშებსა და მასაჟზე ყველა ხარისხისა და ფორმის სქოლიოზის, კიფოზის, ლორდოზის, ცერებრული დამბლის, სამშობიარო ტრამვების, დისპლაზიების, ძვალ-სახსროვანი სისტემისა და სხვა პათოლოგიების შემთხვევაში.

აქციის ფარგლებში სამკურნალო ვარჯიშებისა და მასაჟის ღირებულებაა 20 ლარი!!!

კვალიფიციური ექიმების მიერ შეირჩევა თქვენთვის საჭირო და ეფექტური ვარჯიშებისა და მასაჟის კურსი, რომელიც ჩაგიტარდებათ გამოცდილი სპეციალისტების დახმარებით.

სარეაბილიტაციო პროგრამაში ამ ეტაპზე ჩართვის შემთხვევაში მთელი წლის განმავლობაში ისარგებლებთ ზ.ა. ფასდაკლებით, ასევე, ექიმის მუდმივი მეთვალყურეობით სათანადო რეკომენდაციებისა და მდგომარეობის პერიოდული შეფასების უზრუნველყოფით.

რეაბილიტაციის სწორი კურსი: სამკურნალო ფიზკულტურა, მასაჟი, რეჟიმი, სწორი კვება, შესაფერისად შერჩეული ფიზიკური აქტივობა – ეს სასურველი ეფექტის გარანტიაა!


გახსოვდეთ!

საუკეთესო შედეგი ინდივიდუალურად შერჩეული სარეაბილიტაციო პროგრამით მიიღწევა!

თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების ვიზიტი ცენტრში

დღეს, 9 ივლისს  საქართველოს  თავდაცვის  მინისტრის  
მოადგილე ანა დოლიძე,  სოციალურ საკითხთა  დეპარტამენტის უფროსი პაატა პატიაშვილი და სამინისტროს სამედიცინო  დეპარტამენტის უფროსი მედეა ბეთაშვილი ესტუმრნენ  შპს “შშმ პირთა  სოციალური რეაბილიტაციის  ცენტრს”.  ცენტრის დირექტორმა თეა ერისთავმა სტუმრებს  გააცნო  “ცენტრის” მუშაობის  სპეციფიკა,  განუმარტა,  რომ “ცენტრი” ემსახურება  როგორც  სამხედრო,  ასევე  სამოქალაქო კიდურებამპუტირებულ  შშმ პირებს.  სამხედრო  პირების პროთეზირებას აფინანსებს  თავდაცვის სამინისტრო  და  მათთვის  განკუთვნილია მაღალი  ტექნოლოგიური მახასიათებლებით აღჭურვილი პროთეზები. 
ცენტრი თანამშრომლობს პროთეზირების დარგში მოწინავე კომპანია “Otto bock”-თან. დღეისათვის  სტატისტიკური მონაცემებით საქართველოში საპროთეზო მომსახურეობა ესაჭიროება 45 სამხედრო, 600 ვეტერანსა და 12000 სამოქალაქო შშმ პირს. სტუმრები ასევე  გაეცნენ  შენობა-ნაგებობის მდგომარეობას, არსებულ ინფრასტრუქტურას და დაგეგმეს შემდგომი ღონისძიებები.


ვეტერანების პროთეზებით უზრუნველყოფა გრძელდება

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დაფინანსებით გერმანული

 საპროთეზო ცენტრი „OttoBock” და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი ქართველ ამპუტანტ 40 ვეტერანს მაღალტექნოლოგიურ პროთეზებს დაუმზადებენ. ცენტრის დირექტორი თეა ერისთავი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ირაკლი შიხიაშვილი და “OttoBock”-ის წარმომადგენლები ვეტერანებს შეხვდნენ და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნენ. 
2015 წელს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალურ სარეაბილიტაციო ცენტრსა და მსოფლიოში ლიდერ საპროთეზო ცენტრ “OttoBock”-ს შორის სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად პირველ ეტაპზე, გასულ წელს 33 ამპუტანტ ვეტერანს 38 პროთეზი უკვე დაუმზადდა. 2016 წელს კი OttoBock” – ის მიერ წარმოებული მაღალტექნოლოგიური პროთეზებით 150 ამპუტანტი ვეტერანის უზრუნველყოფა იგეგმება.

გაფორმდა სამმხრივი მემორანდუმი

გაფორმდა სამმხრივი მემორანდუმი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, მსოფლიო ბაზარზე ლიდერ საპროთეზო ცენტრ „ოტტობოკსა“ და შშმ პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრს შორის. მემორნდუმს ხელი მოაწერეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ირაკლი შიხიაშვილმა, „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის“ დირექტორმა თამილა ერისთავმა და საპროთეზო ცენტრ „ოტტობოკის” წარმომადგენელმა კლაუს ფროლოხმა.
მემორანდუმის ფარგლებში იგეგმება პირველ ეტაპზე 30 ამპუტანტი ვეტერანისთვის გამოკვლევების ჩატარება და მათთვის პროთეზების დამზადება.
მემორანდუმის გაფორმების შემდეგ „ოტტობოკის“ დელეგაცია სოციალური რეაბილატაციის ცენტრს ეწვია. სპეციალისტებმა ვეტერანებს გამოკვლევები ჩაუტარეს და პროთეზებისთვის ზომები აიღეს.
დელეგაცია გერმანიიდან საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მოწვევით ესტუმრა. სამუშაო შეხვედრები რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება.
კომპანია „ოტტობოკს“ არსებობის 90 წლიანი ისტორია აქვს და ამჟამად 50–ზე მეტი ფილიალი ფუნქციონირებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. კომპანიის მიზანია ადამიანებს მობილურობის აღდგენაში დაეხმაროს და ხელი შუწყოს, შეუნარჩუნოს ან გააუმჯობესოს ის აქტივობები და შესაძლებლობები, რაც მათ გააჩნიათ. ამისთვის საუკეთესო ხარისხის მაღალ ტექნოლოგიურ პროთეზებს ამზადებენ და რეაბილიტაციას უწევენ პაციენტებს.

 

„ოტობოკთან“ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და პროთეზების მწარმოებელ გერმანულ კომპანია „ოტობოკს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. ამის შესახებ  თავდაცვის სამინისტროში, კომპანიის წარმომადგენლებთან გამართულ  შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

„ოტობოკის“ აღმოსავლეთ ევროპის  რეგიონული   მენეჯერი კლაუს ფრიოლიხი, დელეგაციის წევრებთან ერთად, დღეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსმა პაატა პატიაშვილმა მიიღო. შეხვედრაზე მხარეებმა დაშავებული და დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების მხარდაჭერაზე ისაუბრეს  და მათთვის სათანადო პირობების უზრუნველყოფაზე გაამახვილეს ყურადღება.

პაატა პატიაშვილის თქმით, უახლოეს მომავალში მემორანდუმის ტექსტზე მუშაობა დაიწყება. მემორანდუმი  ქართველი სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებასა და ამ პროცესში გერმანული მხარის მხარდაჭერას ითვალისწინებს. „კომპანია „ოტობოკთან“  სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განვიხილეთ.  შესაძლებელი იქნება მემორანდუმის გაფორმება, რომელიც ითვალისწინებს  ჩვენი სპეციალისტების გადამზადებას როგორც გერმანიაში, ასევე, საქართველოში, რათა მოხდეს მათი კვალიფიკაციის ამაღლება იმ მოწყობილობებთან მუშაობაში, რომელიც  დღეს გააჩნია ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს. 18 სამხედრო მოსამსახურეს გადაეცა ამერიკული კორპორაცია „Peter Harsch Prosthetics“-ის მიერ გერმანიაში დამზადებული უახლესი ტექნოლოგიის „ოტობოკის“ პროთეზები, რასაც  შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტთა მონიტორინგი და ამ მოწყობილობებზე მუშაობა სჭირდება“, – აღნიშნა  დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსმა.

„შესაძლებლობა გვქონდა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შევხვედროდით, რათა  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სამხედრო მოსამსახურეებისთვის მომსახურების გაუმჯობესებაზე გვესაუბრა. სურვილი გვაქვს, მხარი დაგიჭიროთ დაშავებული ქართველი სამხედრო მოსამსახურეებისთვის განკუთვნილი პროთეზირების პროგრამის შესწავლაში, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს რეაბილიტაციის ცენტრის შესაძლებლობების განვითარებას“, – განაცხადა კლაუს ფრიოლიხმა.

2013 წლის 26 დეკემბერს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და  ამერიკულ კორპორაციას „Peter Harsch Prosthetics“-ს შორის გაფორმდა კონტრაქტი, რომლის საფუძველზეც ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს ამპუტირებული კიდურები „ოტობოკის“ მიერ წარმოებული უახლესი ტექნოლოგიებით დაუმზადდებათ. პროთეზირების პროგრამა  ISAF-ის, OIF-ის სამშვიდობო მისიებისა და 2008 წლის აგვისტოს ომში მძიმედ დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა გაიარეს, რომელთაც აქვთ ზედა კიდურების, ბარძაყის დონეზე ცალმხრივი და ორმხრივი ამპუტაცია.