საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის მიერ 14-16 მაისს ჩატარდა კონფერენცია მებრძოლთა ფსიქიკური ჯანდაცვის თემაზე.
კონფერენციაზე განიხილეს „დაჭრილ მებრძოლთა დახმარების შესაძლებლობების განვითარების“ (Wounded Warrior BAC-G) პროგრამა.
თავდაცვის სამინისტროს მორალისა და ფსიქოლოგიური დახმარების განყოფილების უფროსმა მიმოიხილა მათ მიერ წარმოებული საქმიანობა თავდაცვის სამინისტროში არსებული ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის, პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობისა და თავის ტვინის ტრავმული დაზიანების პროგრამის ფარგლებში.
მონაწილეებმა დაათვალიერეს გორის ჰოსპიტლის რეაბილიტაციის განყოფილება და ადგილზე გაეცნენ რეაბილიტაციისა და ფსიქოლოგიური დახმარების შესაძლებლობებს, ასევე, დაჭრილ მებრძოლთა რეინტეგრაციის, განათლებისა და დასაქმების პროგრამის მიმდინარეობას.
აშშ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის წარმომადგენელმა ისაუბრა თავდაცვის სფეროში ფსიქიკური ჯანდაცვის თემაზე მათი გამოცდილების შესახებ.
კონფერენციის მონაწილეებმა შეაფასეს ჩატარებული მუშაობა, მიმოიხილეს რეკომენდაციები და დასახეს გეგმები მებრძოლთა დახმარების შესაძლებლობების შემდგომი განვითარებისთვის.
კონფერენციას ესწრებოდნენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის დირექტორი თეა ერისთავი და დირექტორის მოადგილე მარინე ქვარაია.