დღეს შპს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრს“ აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი ვიცე-პოლკოვნიკი მედეა ბეთაშვილი ესტუმრნენ. მათ რეაბილიტაციის ცენტრის ხელმძღვანელობასთან გამართეს შეხვედრა და ცენტრის ამჟამინდელ შესაძლებლობებს გაეცნენ.
„შშმპ სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის“ ბაზაზე შეიქმნება საერთაშორისო სტანდარტებისა და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი რეაბილიტაციისა და პროტეზირების ცენტრი, სადაც ISAF-ის მისიაში დაჭრილ ქართველ ჯარისკაცებს ჩაუტარდებათ ფიზიკური, სოციალური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსი. „ქართველ დაშავებულ მებრძოლთა პროექტზე“ აშშ-ის მხარდაჭერით, თავდაცვის სამინისტრო და ODC-ის (თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისი) წარმომადგენლები ერთობლივად მუშაობენ.
„მნიშვნელოვანია, რომ რეაბილიტაციის ცენტრი მოემსახურება როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო პირებს. მომავალში ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ცენტრი საშუალებას მისცემს დაჭრილ სამხედროებს, ასევე სამოქალაქო პირებს სრული სარეაბილიტაციო კურსი ჩაიტარონ და საზოგადოების სრულფასოვანი წევრები გახდნენ. ზუსტად ასევე ხდება ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, სადაც მსგავსი ცენტრებით სარგებლობა შეუძლია სამხედრო და სამოქალაქო სექტორს. მიმდინარე პროგრამას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი აფინანსებს“ – აღნიშნა აშშ-ის ელჩა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა.
„ავღანეთში დაჭრილ ქართველი სამხედრო მოსამსახურეებისთვის ფიზიკური, სოციალური, ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის აუცილებლობიდან გამომდინარე, თავდაცვის სამინისტრო, ამერიკელ პარტნიორებთან ერთად, ერთობლივ პროგრამას ამუშავებს. ამერიკული მხარის ხელშეწყობით საქართველოში შეიქმნება საერთაშორისო სტანდარტების მქონე რეაბილიტაციის ცენტრი, რომელიც მოემსახურება არა მარტო „ISAF“-ის მისიაში დაჭრილ სამხედროებს, არამედ სამოქალაქო პირებსაც. ჯარისკაცების მიღება უკვე დაიწყო. ამ წლის განმავლობაში ხუთმა ჯარისკაცმა შეიცვალა პროტეზი, რაღაც ხარვეზების გამო. მალე, როდესაც ცენტრი ოფიციალურად დაარსდება, მასობრივი მკურნალობა დაიწყება“ – განაცხადა ვიცე-პოლკოვნიკმა მედეა ბეთაშვილმა.
რეაბილიტაციის ცენტრში იმყოფებოდნენ ასევე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბროლაძე, გორის სამხედრო ჰოსპიტლის რეაბილიტაციის განყოფილების წარმომადგენლები და რეაბილიტაციის მომსახურების პროგრამის მენეჯერი აშშ-ის მხრიდან.
იანვარში სამედიცინო ცენტრში უკვე იმყოფებოდნენ ამერიკელ და გერმანელ არქიტექტორთა სამუშაო ჯგუფი. ევროპის სარდლობის სამედიცინო და საინჟინრო კონსულტაციებზე დაყრდნობით, გადაწყდა, რომ უნდა მოხდეს შენობის რეკონსტრუქცია და პროთეზის დამამზადებელი თანამედროვე აღჭურვილობის შესყიდვა. ასევე, დაიგეგმა ცენტრის სამედიცინო პერსონალის გადამზადება, საერთაშორისო სტანდარტებთის შესაბამისად.