შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღე

3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეა. მსოფლიოს მოსახლეობის 15% ანუ 1 მილიარდი ადამიანი უნარშეზღუდულია. ხშირ შემთხვევაში ადამიანებმა არ იციან, რა რაოდენობის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანი ცხოვრობს მსოფლიოში და რა პრობლემებს აწყდებიან ისინი ცხოვრების მანძილზე. ჯანმო-ს მიზანს წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება ნაციონალურ, რეგიონულ და გლობალურ დონეზე და აგრეთვე  ინფორმირებულობის დონის ამაღლება ინვალიდობის მასშტაბებისა და მისი შედეგების შესახებ.
ეს დღე მიზნად ისახავს ინვალიდობის საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას. ამ დღის აღნიშვნა იძლევა შესაძლებლობას, მოვახდინოთ მობილიზაცია უნარშეზღუდულ პირთა ღირსების, უფლებებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად და ხელი შევუწყოთ  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, რომ მოხდეს მათი სრულფასოვანი ინტეგრირება  საზოგადოებაში.

110-190 მილიონ ადამიანს აღენიშნება საკმაოდ სერიოზული შეზღუდვა ფუნქციონირებაში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით  მოსახლეობის დაბერებასთან და  ქრონიკული დაავადებების გავრცელებასთან დაკავშირებით ინვალიდობის მაჩვენებელი მატულობს. დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში ინვალიდობის მაჩვენებლი გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით ინვალიდობის მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია ქალებსა და მოხუცებში, ასევე ბავშვებსა და დაბალი სოციალური ფენის  მოსახლეობაში.

ხშირად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ვერ იღებენ სათანადო  სამედიცინო დახმარებას. ინვალიდთა კონტიგენტის ნახევარს არ შესწევს უნარი დაფაროს სამედიცინო მომსახურების ხარჯები.  ჯანმრთელ ადამიანებს შორის ეს რიცხვი ერთ მესამედს შეადგენს. 2-ჯერ მეტია  იმის ალბათობა, რომ  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ვერ მიიღებენ კვალიფიციური სამედიცინო დახმარებას; 4-ჯერ მეტია იმის ალბათობა, რომ  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები მიიღებენ დაბალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას, ვიდრე ჯანმრთელი ადამიანები და დაახლოებით 3-ჯერ მეტია იმის ალბათობა, რომ მათ საერთოდ არ გაეწიოთ არავითარი სამედიცინო მომსახურება. 

არსებობს აგრეთვე გარკვეული გასნხვავებები ყველა ასაკობრივი ჯგუფის უნარშეზღუდულ და ჯანმრთელ ბავშვებს შორის სრული საშუალო განათლების მიღების მაჩვენებლებში. მაგალითად,  პროცენტული მაჩვენებლის სხვაობა იმ შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვებსა  და ჯანმრთელ ბავშვებს შორის, რომლებიც იღებენ დაწყებით განათლებას  მერყეობს 10%-დან (ინდოეთი)  60%-მდე (ინდონეზია). 

ასევე საკმაოდ მაღალია უმუშევრობის მაჩვენებელი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებში. მსოფლიოს მონაცემებით დასაქმების მაჩვენებელი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მამაკაცებში შეადგენს 53%-ს და  ქალებში – 20%-ს, მაშინ როდესაც ჯანმრთელი მამაკაცების შემთხვევაში ის შეადგენს 65%-ს, ხოლო ჯანმრთელ ქალებში –  30%-ს.

ბევრ ქვეყანაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის  არ არის  ხელმისაწვდომი რეაბილიტაციის ადექვატური სერვისები. სამხრეთ აფრიკის ქვეყნების მონაცემებით მათგან მხოლოდ 26–55% იტარებს საჭირო სამედიცინო რეაბილიტაციას და მხოლოდ 17–37% – თვის არის ხელმისაწვდომი ისეთი დამხმარე საშუალებები როგორიცაა ინვალიდის სავარძლები, სმენის აპარატები, პროტეზები და ა.შ.

უნარშეზღუდული ადამიანები არიან უფრო უმწეონი  და ცხოვრებენ უფრო მეტ სიღარიბეში, ვიდრე იგივე შემოსავლების მქონე ჯანმრთელი ადამიანები. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით სახელმწიფოებმა უნარშეზღუდულ პირთა ცხოვრების გაუმჯობესების მიზნით უნდა განახორციელონ შემდეგი ქმედებები:

•    უზრუნველყონ ძირითადი მომსახურების ხელმისაწვდომობა;
•    განახორციელონ  უნარშეზღუდულ პირთა სპეციალური  პროგრამების ინვესტირება;
•    მიიღონ ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა;
•    გააუმჯობესონ პერსონალის განათლების დონე, უზრუნველყონ სპეციალიზირებული პერსონალის მომზადება და  მათი მიღება სამუშაო ადგილზე; 
•    უზრუნველყონ სათანადო დაფინანსება;
•    აამაღლონ საზოგადოების ინფორმირებულობის დონე ინვალიდობის საკითხებთან დაკავშირებით;
•    გააძლიერონ მუშაობა სამეცნიერო კვლევების და მონაცემთა შეგროვების კუთხით;
•    მოახდინონ შეზღუდული შესაძლებლობების პირთა ჩართვა პოლიტიკისა და  პროგრამების განხორციელების პროცესში.