გაფორმდა სამმხრივი მემორანდუმი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, მსოფლიო ბაზარზე ლიდერ საპროთეზო ცენტრ „ოტტობოკსა“ და შშმ პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრს შორის. მემორნდუმს ხელი მოაწერეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ირაკლი შიხიაშვილმა, „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის“ დირექტორმა თამილა ერისთავმა და საპროთეზო ცენტრ „ოტტობოკის” წარმომადგენელმა კლაუს ფროლოხმა.
მემორანდუმის ფარგლებში იგეგმება პირველ ეტაპზე 30 ამპუტანტი ვეტერანისთვის გამოკვლევების ჩატარება და მათთვის პროთეზების დამზადება.
მემორანდუმის გაფორმების შემდეგ „ოტტობოკის“ დელეგაცია სოციალური რეაბილატაციის ცენტრს ეწვია. სპეციალისტებმა ვეტერანებს გამოკვლევები ჩაუტარეს და პროთეზებისთვის ზომები აიღეს.
დელეგაცია გერმანიიდან საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მოწვევით ესტუმრა. სამუშაო შეხვედრები რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება.
კომპანია „ოტტობოკს“ არსებობის 90 წლიანი ისტორია აქვს და ამჟამად 50–ზე მეტი ფილიალი ფუნქციონირებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. კომპანიის მიზანია ადამიანებს მობილურობის აღდგენაში დაეხმაროს და ხელი შუწყოს, შეუნარჩუნოს ან გააუმჯობესოს ის აქტივობები და შესაძლებლობები, რაც მათ გააჩნიათ. ამისთვის საუკეთესო ხარისხის მაღალ ტექნოლოგიურ პროთეზებს ამზადებენ და რეაბილიტაციას უწევენ პაციენტებს.