
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნიდერლანდების სამეფოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ფსიქოლოგები სამუშაო ვიზიტით სტუმრობენ.
ვიცე-პოლკოვნიკი ვოლტერ ვან ლიშოთი და რიანეკე ვან დერ გააგი თავდაცვის სამინისტროს ფსიქოლოგიური შერჩევისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის ტრენინგს მართავენ. ორი დღის განმავლობაში ჰოლანდიელი ფსიქოლოგები ქართველ კოლეგებს საბრძოლო სტრესის დაძლევაზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიული ტექნიკის უნარ-ჩვევებს, სამხედრო მოსამსახურეების თანამედროვე და ეფექტური მეთოდებით დახმარების გზებს შეასწავლიან.
საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს თავდაცვის სამინისტროებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, ჰოლანდიელი ფსიქოლოგები საქართველოს უკვე მესამედ სტუმრობენ. ვიზიტის ფარგლებში, ქართული და ჰოლანდიური მხარეების წარმომადგენლები გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარების სამომავლო გრძელვადიან გეგმებზეც ისაუბრებენ.