“სახელმწიფო ვალდებულია, მაქსიმალურად დაიცვას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები”. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა.
“ყველა სახელმწიფოს სახელი, კულტურა და ღირსება განისაზღვრება იმით, თუ როგორ ექცევა ის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს. ჩვენ როცა ხელისუფლებაში მოვდიოდით, გპირდებოდით, რომ სამართლიანობა აღდგება, პირველ რიგში, ეს სამართლიანობა თქვენთან მიმართებაში უნდა აღდგეს. სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს თქვენი ინტეგრირებისთვის, მათ შორის ტრანსპორტში, ქუჩებში, შენობებში. ეს უნდა მოხდეს არა უპროექტოდ ან გადაკეთებებით, არამედ თავიდანვე. მთელი საზოგადოება და თქვენც წინა ხელისუფლებიდან უსამართლობას განიცდიდით. ჩვენ უარს ვიტყვით იმ სიმახინჯეებზე, რაც წინა ხელისუფლების დროს არსებობდა”, – განაცხადა ივანიშვილმა.
მან ინკლუზიური განათლების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით კი იუსტიციის სამინისტრო ყველა იმ კანონს შექმნის და მთავრობას წარუდგენს, რაც აღნიშნულ პირთა უფლებების რეალიზაციისთვისაა საჭირო.