ილიაუნის თეატრში შეზღუდული შესაძლებლობების პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სპექტაკლი დაიდგმება

ილიაუნის თეატრში დღეს შეზღუდული შესაძლებლობების პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სპექტაკლი დაიდგმება.

“ზამთრის სიზმარი”- ამ სახელწოდების პიესის ავტორი და დამდგმელი რეჟისორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სარეჟისორო ფაკულტეტის კურსდამთავრებული, თიკო მუზაშვილია.

სპექტაკლში მონაწილეობას აუტიზმის ცენტრის 12 სასკოლო ასაკის მოსწავლე, მათი კლასელები და ილიაუნის სამსახიობო ფაკულტეტის სტუდენტები მიიღებენ.
წინასაახალწლო ღონისძიება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წმ. გიორგის სახელობის აუტიზმის ცენტრის და ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” ორგანიზებით გაიმართება.

შეზღუდული შესაძლებლობების პირთა საერთაშორისო დღე ყოველ წელს, 3 დეკემბერს აღინიშნება.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წმინდა გიორგის სახელობის აუტიზმის ცენტრი 2010 წლის მაისში გაიხსნა. მისი მიზანი, აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე პირების საბაზისო უნარების ჩამოყალიბება და სკოლაში ინკლუზიაა. ცენტრი აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე 3-დან 7-წლამდე ასაკის ბავშვებს ემსახურება და მასში მუშაობა გამოყენებითი ქცევის ანალიზის მეთოდის მიხედვით მიმდინარეობს.