მინისტრმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს სამუშაო სხდომა გამართა

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე ზრუნვა ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ 2012 წლის 1 სექტემბრიდან სახელმწიფო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 18 წლამდე ასაკისა და მკვეთრად გამოხატული შშმ პირებს ჯანმრთელობის დაზღვევით უზრუნველყოფს. სამინისტროს გადაწყვეტილებით ასევე მნიშვნელოვნად გამარტივდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის დამხმარე საშუალებების (სავარძელ-ეტლი, საპროთეზო-ორთოპედიული საშუალება, სმენის აპარატი და კოხლეარული იმპლანტი) მიღების პროცედურები.

პროგრამაში შესაბამისი ცვლილებების შეტანამდე დამხმარე საშუალებების მისაღებად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს სპეციალური ფორმა №50/2-ის აღება სჭირდებოდათ. დოკუმენტი, რომლის ღირებულებაც 70 ლარს აღწევდა მხოლოდ სპეციალიზირებულ დაწესებულებებში გაიცემოდა და მის ასაღებად შშმ პირებს ზოგ შემთხვევაში დიდ მანძილზე გადაადგილება უწევდათ. მინისტრის გადაწყვეტილებით, ბიუროკრატიული და ფინანსური ბარიერები მაქსიმალურად გამარტივდა. დღეისათვის დამხმარე საშუალებების მიღება შესაძლებელია ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (№IV-100/ა) წარდგენით, რომლის აღებაც ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაშია შესაძლებელი.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმპ) საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა გაიმართა. სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრი და საბჭოს თანათავმჯდომარე ზურაბ ჭიაბერაშვილი უძღვებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა აქტუალური პრობლემები და მათი მოგვარების გზები განიხილებოდა.

სახელმწიფო საბჭოს შემადგენლობაში სხვადასხვა სამინისტროების, საქართველოს პარლამენტისა და შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან. უწყებათაშორისი ორგანოს მთავარი ამოცანა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა, ამ მიმართულებით სახელმწიფო პროგრამების ჩამოყალიბება, სტრატეგიული სამოქმედო გეგმისა და საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავებაა.

საკოორდინაციო საბჭოს საქართველოს პრემიერ მინისტრი ხელმძღვანელობს. კომისიის წევრები გაწეული საქმიანობის ანგარიშს საქართველოს მთავრობას ყოველწლიურად წარუდგენენ.