18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს სახელმწიფო დააზღვევს

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 2012 წლის 1 სექტემბრიდან სახელმწიფო დამატებით 0-დან 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს (შშმპ) დააზღვევს. დღესდღეობით საქართველოში 18 წლამდე ასაკის 8645 შშმ პირია რეგისტრირებული, რომლებიც სახელმწიფოსგან ყოველთვიური პენსიის სახით 70 ლარს იღებენ.
„მთავარი ამოცანაა, არც ერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ჯანმრთელობის პრობლემა არ დარჩეს ჩვენი ყურადღების გარეშე, მიუხედავად მისი ოჯახის სოციალური სტატუსისა‘‘-განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდების სამედიცინო დაზღვევა დაფარავს: 
* სასწრაფო სამედიცინო დახმარებას;
* ექიმთან კონსულტაციებს;
* ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ (ელექტროკარდიოგრაფულ, ექოსკოპიურ და რენდენოლოგიურ) გამოკვლევებს;
* გადაუდებელ (მათ შორის რეანიმაციულ) მკურნალობას სამედიცინო დაწესებულებაში; 
* გეგმიურ და გადაუდებელ ქირურგიულ ოპერაციებს; 
* ონკოლოგიურ დაავადებათა მკურნალობას და დიაგნოსტიკას; 
* მედიკამენტებს. 
ზოგიერთი სამედიცინო მომსახურება ითვალისწინებს თანაგადახდას დაზღვეულის მხრიდან.
შემოდგომიდან 18 წლამდე შშმ პირებთან ერთად, ასევე, სახელმწიფო დაზღვევით ისარგებლებს 600 ათასზე მეტი პენსიონერი, 0-დან 5 წლის ჩათვლით ასაკის 300 ათასზე მეტი ბავშვი და 100 ათასამდე სხვასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი. იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო დაზღვევით უკვე სარგებლობენ სოციალურად დაუცველი ოჯახების წევრები, პედაგოგები და სხვა შესაბამისი კატეგორიის მოქალაქეები, ხოლო კერძოდ დაზღვეულთა რაოდენობა 400 ათას აღწევს, 2012 წლის ბოლოს საქართველოში დაზღვეულთა რაოდენობა საერთო ჯამში 2.2 მილიონ ადამიანს გადააჭარბებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ყოველი მეორე მოქალაქე დაზღვეული იქნება.
ახალი საავადმყოფოების მშენებლობების პარალელურად დაზღვეულთა რაოდენობის ზრდა ხელს შეუწყობს ქვეყანაში ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნვეყოფას.